თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პარიზი და სხვა ევროპული დედაქალაქები განზრახ ბლოკავენ უკრაინის კრიზისის მოგვარების ნებისმიერ მცდელობას.
„არც საფრანგეთი და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნები ამჟამად არ მონაწილეობენ მოლაპარაკებების პროცესში. უფრო მეტიც, პარიზის და სხვა ევროპელების ყველა ქმედება მიზნად ისახავს ნებისმიერი დადებითი პროგრესის ჩაშლას, რაც აშშ-სთან სამმხრივი კონტაქტების ფარგლებში უკრაინის კრიზისის მოგვარებას უკავშირდება“, - ნათქვამია სამინისტროს ვებსაიტზე.
სამინისტრომ ასევე „ფანტაზია“ უწოდა მოსკოვში საფრანგეთის ელჩის, ნიკოლა დე რივიერის მოსაზრებებს კონფლიქტის „მსურველთა კოალიციის“ მეშვეობით მოგვარების შესაძლებლობის შესახებ - სტრუქტურის, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, შექმნილია მხოლოდ კიევისა და ევროპული „ომის პარტიის“ ინტერესების დაკმაყოფილებისთვის.
„საფრანგეთის მხრიდან ჩვენ ვხედავთ არა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მოსაძებნად კონსტრუქციულ წინადადებებს, არამედ პარალელური ინიციატივების წამოწყების მცდელობებს, რომელთა შედეგების რუსეთისთვის თავს მოხვევა ულტიმატუმის სახით იქნებოდა შესაძლებელი“, - აღნიშნეს სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთი „არადიპლომატიური“ მიდგომა, რომელიც ადგილზე არსებული რეალურ ვითარებას სრულიად მოწყვეტილია, თავიდანვე წარუმატებლობისთვისაა განწირული.