თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა 1426-მა ადამიანმა - უმეტესობამ ის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა. ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს რუსეთის მოქალაქეობის გამო საქართველოს მოქალაქეობა სულ 639 ადამიანმა დაკარგა, რაც 2024 წელთან შედარებით 163 ადამიანით ნაკლებია.
მეორე ადგილზეა საბერძნეთის მოქალაქეობა. სულ, 2025 წელს საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს 203-მა მოქალაქემ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, რაც 3 ადამიანით მეტია 2024 წელთან შედარებით.
მესამე ადგილზე თურქეთის მოქალაქეობაა. საერთო ჯამში, გასულ წელს ისრაელის მოქალაქეობის მიღების გამო 121 ადამიანს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 58 ადამიანით მეტია.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 11.395-მა ადამიანმა დაკარგა, ყველაზე მეტი - 2023 წელს.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას შემდეგ შემთხვევაში კარგავს:
მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში ან სხვა ქვეყნის ჯარში, პოლიციასა ან უსაფრთხოების ორგანოებში სამსახურის გავლის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე;
მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოპოვების შემთხვევაში;
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, თუ პირს არ მიუმართავს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ აღნიშნული მოქალაქეობის მიღებამდე მას ჰქონდა მიღებული სახელმწიფოს თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის კავშირი საქართველოსთან დამაჯერებლად ჩაითვალა.
საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად დაბადებით შეიძინა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, დაბადების მომენტიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ ეს არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.