დღეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. დღეს, 25 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
„40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან. ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის”, - ნათქვამია ინფორმაცია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვის და გულის უკმარისობა გახდა. მისი პატრიარქობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
როგორც ამ კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი, წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის სამი კანდიდატი დასახელდება, 28 აპრილს გაიმართება.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
წმინდა სინოდის კრებაზე განისაზღვრება სამი კანდიდატი, რომლებსაც წარუდგენენ შემდგომში გაფართოებულ კრებას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაში შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს 40-დან 70 წლამდე ასაკის ბერად აღკვეცილი ეთნიკური ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს თეოლოგიური განათლება და საკმარისი საეკლესიო გამოცდილება.