მთავრობა და მედია: როგორ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა კრიზისის პირობებში

თბილისში მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს საინფორმაციო პოლიტიკა - როგორი იქნება მედია მომავალში?“ გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე მედიის ტრანსფორმაციის ძირითადი საკითხები გაციფრულების და სოციალური მედიის განვითარების კონტექსტში.
Sputnik
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფოს როლს - როგორ უნდა უჭერდეს მხარს საქართველოს ხელისუფლება მედიის დამოუკიდებლობას ისე, რომ გავლენა არ მოახდინოს სარედაქციო თავისუფლებაზე. ექსპერტებმა ასევე განსაზღვრეს მედიაგარემოსთვის ყველაზე კრიტიკული საფრთხეები.
შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ როგორც ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე მედიასფეროში არსებული ვითარება კვლავ რთული რჩება.
„ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვხედავთ სიტუაციის გაუმჯობესების პერსპექტივას. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ვიმსჯელოთ შემდეგ საკითხებზე: როგორია საქართველოს საინფორმაციო სივრცის მდგომარეობა, რა გამოწვევები, რა პრობლემები არსებობს. რატომ არ ჩანს ეს? იმიტომ, რომ ქვეყანა ცუდად იმართება. ქვეყნის მმართველობის სისტემაში არის სერიოზული პრობლემები, სერიოზული საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, შიდა დაძაბულობა და პოლარიზაციის მაღალი დონე. და, ბუნებრივია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ამაზე ვისაუბროთ“, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ვასო კაპანაძე.
ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი დისკუსიები შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს საკვანძო პრობლემები და საჭირო ცვლილებებისთვის დაისახოს მიმართულებები.
„დღევანდელი მრგვალი მაგიდის მნიშვნელობის გადაფასება რთულია, რადგანაც საქართველოში მსგავსი ფორმატის შეხვედრები იშვიათია. მე არც კი მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მაღალი კლასის ექსპერტები, ნამდვილი პროფესიონალი ჟურნალისტები, მედიამენეჯერები და პუბლიცისტები ერთად იკრიბებიან არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ. თითოეულ გამომსვლელს ჰქონდა განსხვავებული, ინდივიდუალური პოზიცია და სათქმელი. ყველამ გაამახვილა ყურადღება იმ მნიშვნელოვან სფეროებზე, რომლებიც ცვლილებებს საჭიროებს“, — აღნიშნა „საქინფორმის“ გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.