ანაკლიის პორტის პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის - მინისტრის მოადგილე

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება დიდი პრიორიტეტი იქნება იმისათვის, რომ ქვეყანამ შუა დერეფანში კიდევ ერთხელ გაიმყაროს სატრანზიტო ქვეყნის ადგილი, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
„საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კონტრაქტორი, ბელგიური „დიდი ოთხეულის“ წარმომადგენელი საზღვაო სამშენებლო სამუშაოებში, Jan De Nul უკვე გადადის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე.
„ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით დაახლოებით 52 მილიონი დოლარის ეკონომიის განხორციელება აღნიშნულ პროექტში. დაახლოებით 1 კმ და 380 მეტრის ტალღმჭრელი აშენდება და შესაბამისად, დაღრმავდება შემოსასვლელი არხი დაახლოებით 18 მეტრამდე იმისათვის, რომ დიდმა გემებმა შეძლონ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში შემოსვლა“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მისი თქმით, ეს დიდი პრიორიტეტი იქნება იმისათვის, რომ ქვეყანამ შუა დერეფანში კიდევ ერთხელ გაიმყაროს სატრანზიტო ქვეყნის ადგილი.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს თანმიმდევრული და სისტემური განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ისე საგზაო ქსელის განვითარებასა და საავტომობილო გზების მშენებლობას, ასევე ავიაციის სექტორს, მათ შორის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტს.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
TEU - პირობითი ერთეული, რომელიც სტანდარტული 20-ფუტიანი კონტეინერის მოცულობის ტოლია (დაახლოებით 6,1 მ სიგრძის).