საქართველოს პრემიერი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა - დეტალები

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშნ ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ჩიქოვანს.
"შევხვდი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით", – დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათვქამი შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. იმსჯელეს ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში.
საუბარი შეეხო რეგიონის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესებში. პრემიერი-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.