თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მოძველებული და მაღალხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის Toyota-ს მარკის 50 ერთეული ავტომობილი შეისყიდა.
ეკონომიური და ეკოლოგიური, ევრო-6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ „მუნიციპალური ინსპექციის“ უფროს გოგი ჩიქოვანთან ერთად წარუდგინა.
„დღეს უკვე სრულად განახლებულია ინსპექციის ავტოპარკი. განახლების მიზანია, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თანაბრად და ეფექტურად იმუშაოს დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის, რეკრეაციულ და სატყეო ზონებში, სწრაფად მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება, მათი აღკვეთა და პრევენცია“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, გამკაცრდა კანონმდებლობა, გაძლიერდა აღსრულების მექანიზმები, ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური მომზადება, სრულად განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ამასთან, სტრუქტურას დაემატა ახალი მიმართულება – მოტოინსპექცია.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმაც.
„დღეს ჩვენი სამსახური, გატარებული ღონისძიებების შედეგად, უფრო მობილურია, ყველა უბანში გვაქვს გეოგრაფიული დაფარვა და ყველგან შეგვიძლია სამშენებლო სფეროში დარღვევების აღკვეთისა და პრევენციის, ასევე, დედაქალაქის იერსახის დაცვის, მშენებლობადამთავრებული ობიექტების, სამშენებლო-სანებართვო პირობების დაცვის კუთხით და ა.შ., ოპერატიული რეაგირება.ჩვენი ინსპექტორები, არქიტექტორები, იურისტები და გეოდეზისტები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ყველა ამ მიმართულებით აღკვეთონ როგორც დარღვევები, ისე უზრუნველყონ მათი პრევენცია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ავტოპარკის განახლების მიზანი დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებში, წესრიგის დაცვის ღონისძიებების თანაბრად და ეფექტურად შესრულებაა. ასევე, დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვა, დარღვევებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირება, მათი დროული აღკვეთა და პრევენცია წარმოადგენს.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენს ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელ მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, 24-საათიან მონიტორინგს და ინპექტირებას ახორციელებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის: სამშენებლო საქმიანობა და უსაფრთხოება; სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების, გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის იერსახის დაცვა; ვაჭრობის, რეკლამისა და აკუსტიკური ხმაურის კონტროლი; მშენებლობადამთავრებული ობიექტების სანებართვო პირობებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურება და ექსპლუატაციაში მიღება.
უფლებამოსილების ფარგლებში, ინსპექცია ასევე უზრუნველყოფს დარღვევების გამოვლენას და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას, სამართალდამრღვევების მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებას, ქალაქისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების მიტაცების აღკვეთის მიზნით სპეციალურ ღონისძიებებს.