სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა

დანაშაული 8-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქდააკავა, განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე.
როგორც მაღრაძემ განაცხადა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას.
„სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი", - განაცხადა მაღრაძემ..
მისი თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:
საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება;
საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
დაკავებულ პირს ჯაშუშობისთვის ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც 8-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციებს შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის ბრალდება სსკ-ის ს 314-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუსწრებლად წარედგინებათ.
მიმალვაში მყოფი პირების მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.