ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 აპრილის 10:00 საათიდან გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტა.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„დღეს მცხეთაში, დავიწყეთ ცენტრალური გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის „მუნიციპალური განვითარების ფონდი" იწყებს ე.წ. თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომელიც ამ ეტაპზე იუნესკოსთან კონსულტაციებით პროექტირების ფაზაშია. ეს სივრცე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცხეთისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციისა და მთელი ქვეყნისთვის. დღესვე ადგილზე გავეცანით პროექტის მიმდინარეობას", - განაცხადა სოხაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს და ქმნის უსაფრთხოების რისკებს. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულმასშტაბიან განახლებას და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით 7-კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვედა საყრდენი კედლები, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე სრულად მოწესრიგდება წყალარინების სისტემა, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
„პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მცხეთის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის ფუნქციონირებას, გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, უკვე დასრულდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კომპონენტი - ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე ახალი თაღოვანი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი აშენდა იმ მონაკვეთზე, სადაც 1926 წელს აგებული ხიდი ფუნქციონირებდა და ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებსა და მოთხოვნებს.
ახალი ხიდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, აკავშირებს მცხეთას რკინიგზის სადგურთან და ცენტრალურ საავტომობილო გზებთან, ხოლო მისი არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ისტორიულ გარემოს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6.6 მილიონ ლარს შეადგენს.
მცხეთაში ინფრასტრუქტურის განვითარება ასევე მოიცავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებას - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას. პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციული, სპორტული და საბავშვო სივრცეების, ასევე საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ბუფერულ ზონაში, პროექტი განხორციელდება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 აპრილის 10:00 საათიდან გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტა.