თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. მიცკევიჩის ქუჩის N4-ში მდებარე ავარიული სახლი თანამედროვე კორპუსით ჩანაცვლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, 4-სართულიანი კორპუსის მობინადრეებმა მერიას დეველოპერთან ერთად მიმართეს და ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება ითხოვეს.
„ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას. კორპუსში ცხოვრობს 20-მდე ოჯახი და მათი მდგომარეობა, შენობის ავარიულობის გამო, დღითიდღე უარესდება. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავცეთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რათა განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
„სასიხარულოა, რომ მერიის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში“, - აღნიშნა კალაძემ.
მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენოს შესაძლებლობა და მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში.
გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, წელს ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტი მზადაა, ისტორიულ არეალებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ადამიანებისგან გამოსყიდოს ფართები, საბაზრო ღირებულებით.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. საუბარია იმ საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ არქიტექტურულ ღირებულებას და რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე მნიშვნელოვნად აღემატება 50 წელს.
ჩანაცვლების პროგრამა ორი მიმართულებით ხორციელდება - პირველი, როდესაც მუნიციპალიტეტი უშუალოდ არის თანამონაწილე და მეორე, კერძო ინვესტორი ახორციელებს სამუშაოებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივებთან.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას. თბილისის მერიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე ხდება, მოქალაქეებს არ უწევთ არანაირი თანხის გადახდა.
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მერიას მოქალაქეები გაყავს ქირით, გამარჯვებული კომპანია კი ახორციელებს ავარიული შენობის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს გადასცემს მოქალაქეებს. კანონის თანახმად, შენობის დანგრევისა და ახალი სახლის აშენების პროცესი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე.