თბილისი, 22 აპრილი — Sputnik.
მიმდინარე წელს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის განხორციელებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერია „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც შშმ პირებისთვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს ხარჯი ვაუჩერით ფინანსდება, რამდენიმე წელია ახორციელებს.
საკურორტო ვაუერით სარგებლობენ 3-დან 20 წლამდე შშმ პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში ან რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, შესაბამის მომსახურებას თბილისში არსებულ შშმ პირთა დღის ცენტრში იღებენ.
„თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის 3 600-მდე ვაუჩერს გასცემს. აღნიშნული ვაუჩერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად, დასვენების შესაძლებლობა ამ საჭიროების მქონე მეტ შშმ პირს ეძლევა. აღნიშნული პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ განმარტა, საკურორტო ვაუჩერით დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული. ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, საქართველოს მთისა და ზღვის კურორტზე დასასვენებლად ადგილს, სასტუმროს და დროს თავად აირჩევს.
საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება, რაც „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება.
„ვაუჩერის მფლობელს, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღების საშუალება დედაქალაქის მერიაში ექნება. საკურორტო ვაუჩერის გამოყენების ვადა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული. ვაუჩერის მსურველთა მიერ განაცხადის გაკეთება სამი თვის განმავლობაში - 2026 წლის 8 იანვრიდან 8 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ კურორტებზე დასასვენებლად 2025 წელს დედაქალაქის მერიამ 3.247 საკურორტო ვაუჩერი გასცა.