თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თემურ ქეცბაია თბილისის „დინამოს“ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, იუწყება Geo Team.
ქეცბაია „დინამოში" 1987-1992 წლებში თამაშობდა, მას შემდეგ ფეხბურთელისა და „დინამოს" გზები არ გადაკვეთილა. ასე რომ, ქეცბაია კლუბს 34 წლის შემდეგ მწვრთნელის ამპლუაში უბრუნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, „დინამო“ ყოფილ მწვრთნელ ვლადიმერ კაკაშვილთან თანამშრომლობას ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-7 მატჩის ვერმოგების შემდეგ წყვეტს.
ქეცბაია ბოლოს „ანორთოსისს“ წვრთნიდა - ქართველმა სპეციალისტმა გუნდი გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა და მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაემშვიდობა.
58 წლის მწვრთნელის კარიერის ყველაზე დიდი წარმატება სწორედ „ანორთოსისს" უკავშირდება, როცა მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა (2008-2009 წლების სეზონი).
ქეცბაია საქართველოს ნაკრებს 2009 წლის 6 ნოემბრიდან 2014 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში ედგა სათავეში.
საქართველოს ეროვნული გუნდის სახელით მან 45 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.