თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რომელიც ორივე ქვეყნის შესაძლებლობებს საკვანძო მიმართულებებით განსაზღვრავს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთში ვიზიტის შეჯამებისას.
საქართველოს პრეზიდენტი თავის ყაზახ კოლეგა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის (RES-2026) ფარგლებში შეხვდა, რომელიც ასტანაში 22-დან 24 აპრილამდე იმართება. საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
„უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო ხელს მოაწერენ დოკუმენტს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელშიც გაიწერება ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთხელსაყრელი პროცესები ყველა მიმართულებით“, — განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტის ხელმოწერის საჭიროება იმ ტრადიციული მეგობრობიდან გამომდინარე წარმოიშვა, რომელიც ქვეყნებს ვაჭრობისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ერთმანეთთან აკავშირებს.
მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ცენტრალური აზიის პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან.
„ეკოლოგიის გარდა, როგორც იცით, „შუა დერეფნის“ თემა ძალიან მიმზიდველია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იგი სულ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს პროცესი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე და ამაზე ყველანი ერთსულოვნად ვთანხმდებით. ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს“, — განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველო და ყაზახეთი
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარება. გაერთიანება იმ კომპანიებმა დააფუძნეს, რომლებიც საქართველოში ყაზახური კაპიტალის ჩართულობით ფუნქციონირებენ.