კთბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას გამართავს, რომელზეც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკვანძო საკითხებსა და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
შეხვედრა 2026 წლის რეგიონულ ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მაღალი რანგის სტუმრები. სამიტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
„საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ერთობლივად რამდენიმე მნიშვნელოვან გლობალურ პროექტს ვახორციელებთ. სამიტის ფარგლებში ლიდერები საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივებს განიხილავენ“, — განაცხადა ხვთისიაშვილმა.
სამიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილმა, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა.
სახელმწიფო მეთაურებს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო თემატური ექსპოზიციები, რომლებიც ეძღვნებოდა წყლის რესურსებს, ხელოვნურ ინტელექტს, „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას, ნარჩენების მართვას, ეკოლოგიურ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობასა და მწვანე მშენებლობას.
რეგიონული ეკოლოგიური სამიტი RES-2026 ასტანაში 22-დან 24 აპრილის ჩათვლით იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.
სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იღებენ მონაწილეობას. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ჩატარების ინიციატივით ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი 2023 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე გამოვიდა.
მოგვიანებით, 2025 წლის მაისში გამართულ ასტანის საერთაშორისო ფორუმზე ცნობილი გახდა სამიტის დღის წესრიგის გაფართოების შესახებ — კლიმატის საკითხებთან ერთად, მასში გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური) მიმართულებაც სრულად აისახა.
ყაზახეთის მთავრობის ინფორმაციით, სამიტის მიზანია ცენტრალური აზიის ქვეყნების გაერთიანება გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, რათა შემუშავდეს ერთობლივი გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და ეკოლოგიური გამოწვევების ფართო სპექტრის დასაძლევად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცენტრალური აზიის ქვეყნების სპეციფიკური საჭიროებების იდენტიფიცირებას „მწვანე“ დაფინანსების კუთხით. აღნიშნული ფინანსური რესურსები აუცილებელია ადაპტაციური ღონისძიებების მხარდასაჭერად, დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების განვითარების დასაჩქარებლად და რეგიონის ეკოლოგიური მდგრადობის გასაძლიერებლად.
საქართველო და ყაზახეთი
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარება. გაერთიანება იმ კომპანიებმა დააფუძნეს, რომლებიც საქართველოში ყაზახური კაპიტალის ჩართულობით ფუნქციონირებენ.