თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გარემოს დაცვა აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემა, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნების ეკონომიკასა და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ასტანა რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტს RES-2026 22-დან 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს - რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ჩატარების ინიციატივით ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი 2023 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე გამოვიდა.
„დღეს გარემოს დაცვა აღარ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემას, არამედ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, საზოგადოებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობაზე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას და პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ამ მნიშვნელოვანი სამიტის ორგანიზებისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება, კლიმატის პოლიტიკის განვითარება და „მწვანე" და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია.
მისი თქმით, კლიმატის ცვლილება, წყლის უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რისკები თუ გარემოს დაბინძურება – ეს გამოწვევები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის ჩვენი საზოგადოების მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
„ამ კონტექსტში ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებასა და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული პრიორიტეტები ჩვენი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია და მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.
საქართველო და ყაზახეთი
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარება. გაერთიანება იმ კომპანიებმა დააფუძნეს, რომლებიც საქართველოში ყაზახური კაპიტალის ჩართულობით ფუნქციონირებენ.