ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველომ 2 მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატს ალბანეთის დედაქალაქი 20-დან 26 აპრილის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და პირველივე საშეჯიბრო დღეს ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატს ალბანეთის დედაქალაქი 20-დან 26 აპრილის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს - მედლები 30 წონით კატეგორიაში, როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თამაშდება.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 18 წლის ვახტანგ ლოლუამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ემინ სეფერშაევთან დამარცხდა და ტურნირზე ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი რამაზ ზოიძემ (77 კგ) მოუპოვა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში ოთხგზის ევროპის ჩემპიონთან და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონთან, სომეხ მალხას ამოიანთან დამარცხდა.
ოთხშაბათს, 22 აპრილს, ოქროს მედლისთვის საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი - იური ლომაძე (72 კგ) იბრძოლებს.