თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის მუშაობის პრიორიტეტები გამჭვირვალობა და გლობალური უსაფრთხოების რისკების შემცირება იქნება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველომ ეუთოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარეობა 2026 წლის აპრილში, როტაციის წესით, საფრანგეთისგან გადაიბარა. საქართველო ფორუმს 4 სექტემბრამდე უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც თავმჯდომარეობა დიდ ბრიტანეთს გადაეცემა.
„საქართველოს თავმჯდომარეობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვგეგმავთ. ამ ფონზე ფორუმმა უნდა შეასრულოს გამჭვირვალობისა და რისკების შემცირების მთავარი პლატფორმის ფუნქცია. მისი საქმიანობა საკვანძოა ეუთოს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, პირველი უსაფრთხოების დიალოგი მიეძღვნება უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე ეუთოს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას, მათ შორის, ეროვნული შესრულების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
მეორე უსაფრთხოების დიალოგი შეეხება შეიარაღებული კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე.
„მესამე უსაფრთხოების დიალოგი დაეთმობა კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ქცევის კოდექსის ფარგლებში. მისი მიზანია გააძლიეროს მონაწილე სახელმწიფოთა ინფორმირებულობა მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების კუთხით, მათი ვალდებულებების შესახებ, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერთკავშირის შესწავლის გზით, ასევე განამტკიცოს ეროვნულ დონეზე ამ ვალდებულებათა ეფექტიანი განხორციელება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია.
„დღეს ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს. ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დღეს უპრეცედენტო სისწრაფით იჩენს თავს ახალი და მუდმივად ცვალებადი საფრთხეები. მათ შორისაა მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება, უსაფრთხოების პოტენციური გამოწვევების შემცველი კიბეროპერაციების გაფართოება და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც საზღვრებს შლის ომის წარმოების კონვენციურ და არაკონვენციურ ფორმებს შორის.
„უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმმა (FSC) უნდა უპასუხოს აღნიშნულ გამოწვევებს არამხოლოდ არსებული ვალდებულებების განმტკიცებით, არამედ ინოვაციების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, სწორედ ქვეყნის გამოცდილება განსაზღვრავს საქართველოს მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობისადმი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკული ზომების მიღებას ეუთოს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ასევე ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტების გამოყენებით არ მიიღწევა. ეს მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, ნდობის აღდგენასა და საფუძვლიანი არგუმენტების მოსმენასა და მათზე რეაგირებისთვის მზაობას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი (FSC) კვლავაც დარჩეს კონსტრუქციული დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ეუთოს მთავარი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ეუთოს მთავარი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა.