კავშირი გადის ცოდნაზე: როგორ ხდებიან სტუდენტები ხიდი რუსეთსა და საქართველოს შორის

ქართველი აბიტურიენტები სულ უფრო ხშირად განიხილავენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ალტერნატიულ საგანმანათლებლო გზებს.
Sputnik
ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია უფასო სასწავლო პროგრამა რუსეთის უნივერსიტეტებში, რომელიც არაერთი ათწლეული არსებობს და ამჟამად რუსეთის მთავრობის კვოტით ხორციელდება.
ამ სისტემის სათავე ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქას უკავშირდება, როდესაც პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ საერთაშორისო სტუდენტების სახელმწიფო ხარჯებით სწავლების პრაქტიკა დაიწყო. პოსტსაბჭოთა ეპოქაში პროგრამა შენარჩუნდა და ტრანსფორმირდა, ხოლო 2014 წლიდან ის ცენტრალიზებულად ფუნქციონირებს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მეშვეობით.
დღესდღეობით, რუსეთის მასშტაბით დაახლოებით 600 უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს უცხოელი სტუდენტები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. მათ შორისაა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები: ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, RANEPA, ფინანსური უნივერსიტეტი, სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტი, GITIS, გნესინის სახელობის რუსეთის მუსიკის აკადემია, ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა
როგორც თავად პროგრამის მონაწილეები აღნიშნავენ, ჩარიცხვა დამატებით გამოცდებს არ საჭიროებს - გადაწყვეტილება სკოლის შეფასებებს, პორტფოლიოს და რეკომენდაციებს ეფუძნება. მოთხოვნები არჩეულ სპეციალობაზეა დამოკიდებული: მათემატიკა და ანალიტიკური დისციპლინები მნიშვნელოვანია ეკონომიკის სპეციალობებისთვის, ხოლო ენები და ლიტერატურა - ჰუმანიტარული სპეციალობებისთვის.

თავიანთ გამოცდილებას სტუდენტებიც აზიარებენ. ბათუმელმა ლიზიმ უკვე დაასრულა ბაკალავრიატი და ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში მაგისტრატურის კურსს გადის. ის ამბობს, რომ წასვლის გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, მაგრამ შემდგომში მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. ყაზახეთიდან ჩამოსული სტუდენტიც მსგავს შეფასებას იზიარებს და აღნიშნავს განათლების მაღალ დონეს და პროგრამის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებს.
რუსეთში კვოტირებით სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება პლატფორმაზე Education in Russia. სწორედ აქ, პირად კაბინეტში, აბიტურიენტები აირჩევენ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებს, ატვირთავენ საჭირო დოკუმენტაციას და გააგზავნიან განაცხადს. ყველა დამატებით საკითხზე აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო მხარდაჭერას საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია უზრუნველყოფს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამები ტრადიციულად ჰუმანიტარული ურთიერთქმედების ინსტრუმენტს წარმოადგენს. ასეთი ინიციატივების კურსდამთავრებულები ხშირად ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი რგოლების ფუნქციას ასრულებენ და პროფესიულ და კულტურულ კონტაქტებს ამყარებენ.