თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო თანამშრომლობის როლი და საქართველოში პატენტების შემოწმების ევროპული სისტემის ამოქმედების მნიშვნელობა იყო ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტის ანტონიო კამპინოსის გამოსვლის თემა თბილისში გამართულ კონფერენციაზე, ნათქვამია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომელიც მონაწილეობას იღებს „საქპატენტის" ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“.
ანტონიო კამპინოსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან, ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.
თავის მხრივ „საქპატენტის" თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ კონფერენციაზე საპატენტო საქმიანობის გაძლიერებასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თანამედროვე მექანიზმებზე ისაუბრა
კონფერენცია ეძღვნება სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის შედეგების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობებსა და თანამედროვე ეკონომიკაში ცოდნის შეუცვლელ როლს. პატენტი კი როგორც ინტელექტუალური საკუთრება განიხილება სტრატეგიულ ინსტრუმენტად, რომელიც აკავშირებს ცოდნას ეკონომიკურ ღირებულებასთან, ხელს უწყობს ინოვაციების კომერციალიზაციას და ქმნის უსაფრთხო გარემოს ინვესტიციებისთვის.
თბილისის კონფერენცია აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, აკადემიურ სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების საკითხების განსახილველად.
კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მნიშვნელობაზე ინოვაციების განვითარებაში, შესაბამისი პროფესიული უნარების განვითარებაზე, ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერებაზე და ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმებზე.
„ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პატენტებს, როგორც სამართლებრივი დაცვის ინსტრუმენტსა და შესაძლებლობას, რომელიც ამცირებს კომერციულ რისკებს და აუმჯობესებს ტექნოლოგიის კომერციული გამოყენების პროგნოზს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კონფერენცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა კი ისაუბრეს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე, სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და აკადემიური კომპონენტის როლზე ქვეყნის განვითარებაში.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიებს ორი ძირითადი თემატური მიმართულებით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგის წამყვანი ექსპერტები და აკადემიური, თუ ინსტიტუციური სფეროს ლიდერები.
როგორც „საქპატენტში“ აღნიშნეს, ანტონიო კამპინოსის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს მიერ ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ ოფიციალური მიმართვის გაგზავნა, რაც საქართველოსთვის სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივას გულისხმობს.
მანამდე კი საქართველოში ამოქმედდა ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ევროპული პატენტების სამართლებრივ აღიარებას.