სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. „თბილისის განვითარების ფონდმა“ მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა.
„სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, სრულად განახლდება აქ არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამას გარდა, ლეონიძის ქუჩაზეც გვაქვს შეზღუდვა, რაც ერთი კვირა გაგრძელდება. ამ დროში შეიცვლება ის ძირითადი კომუნიკაციები, რაც საჭიროა. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, იქნება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, შიდა ეზოების მოწესრიგებით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სამშენებლო მოცულობა 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, ორი წელი დაჭირდება.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას.
მეორე ეტაპი ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციების და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს - მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს.