თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი 12 ივნისიდან ტიუმენი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებას იწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეისები ოქტომბრის ბოლომდე რუსული SSJ-100 ტიპის თვითმფრინავებით შესრულდება.
2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Red Wings-ი საქართველოს დედაქალაქში ფრენებს რუსეთის ცხრა ქალაქიდან განახორციელებს: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სამარა, კრასნოდარი, სოჭი, ნიჟნი ნოვგოროდი, ყაზანი, ეკატერინბურგი და ტიუმენი.
გარდა ამისა, მანამდე ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით ფრენები რუსეთის ექვსი ქალაქიდან დაამატა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 2023 წლის 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
მოსკოვმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. გადაწყვეტილების საბაბი თბილისში დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები გახდა, რაც საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა.