თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში პარტია „ფედერალისტებიც“ იქნება შეტანილი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ სარჩელი, რომელიც ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს". „ქართული ოცნება“ ამ პარტიებს საკონსტიტუციო წყობის დამხობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებს.
პაპუაშვილის თქმით, ადრე შეტანილ სარჩელს უკან გამოითხოვენ და ახლით ჩაანაცვლებენ, რომელშიც კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა იქნება დამატებული.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების ჩამონათვალს. კერძოდ, თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში იყო სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში, ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება პარტია „ფედერალისტები“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
სპიკერის განმარტებით, სარჩელის საფუძველი გახდა 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციის დებულებები. მისივე თქმით, დოკუმენტს მხარი დაუჭირა არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებმაც საერთო სტრატეგიული მიზნები განსაზღვრეს.
„რიგმა პარტიებმა გაიზიარეს სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც არჩევნების დელეგიტიმაციასა და კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარებას უკავშირდება. ისინი ასევე გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებთან, რომელთა მიზანიც „ხელისუფლების დამხობა“ იყო და შესაბამისი მიზნებიც გააჟღერეს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ შესაბამისი, დაკორექტირებული სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.
„ოპოზიციის ალიანსი"
2026 წლის მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანი „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს და მათ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
პარტიების აკრძალვა
2025 წლის 4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განხილვაში მიიღო. ესაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა". პარტიებს ამ ნაწილით ბრალი ედებათ როგორც 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისე 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობაში.
მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", რაც მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს და 2022 წლიდან პარტიების მხრიდან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ მოწოდებებს. პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს პარტიების, როგორც პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას, მათ წევრებს კი აეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.