პაპუაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საპატიო მედალი გადასცა

საჰიბა გაფაროვა პირველია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგლამენტის თანახმად დაწესებული პარლამენტის საპატიო მედლით დაჯილდოვდა.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა, ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საჰიბა გაფაროვა პირველია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგლამენტის თანახმად დაწესებული პარლამენტის საპატიო მედლით დაჯილდოვდა.
ახალი საპარლამენტო ჯილდო - აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
„საჰიბა გაფაროვამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი თავმჯდომარეობისას მნიშვნელოვნად გააქტიურდა საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის კავშირები ყველა დონეზე, ასევე, შედგა არაერთი წარმატებული მაღალი დონის ვიზიტი“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
2025 წლის მარტში საჰიბა გაფაროვას საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებს, საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლებს შორის რეგულარული კავშირების შემდგომ გაძლიერებასა და სხვადასხვა საკითხზე გამოცდილების გაზიარებას, ასევე, საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.