თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, სოფლების სანიორესა და მატანის, ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და მათი ნაწილი უკანონოდ გადაამუშავეს.
„ჯამში ამოღებულია 28 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი) და 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას.
2026 წლის 3 თვეში, მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 136 ფაქტია გამოვლენილი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.