სუს-ი: ბათუმსა და გარდაბანში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს

დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, აცხადებენ სუს-ში.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი - ერთი უცხო ქვეყნის, მეორე კი საქართველოს მოქალაქე დააკავა, განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
აღნიშნული პირების დასაკავებლად სპეციალური ღონისძიება გარდაბანსა და აჭარაში ჩატარდა.
„აღნიშნული პირები საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ ნაქირავებ ბინაში. შემოსვლის დღიდანვე ორივე მათგანი იმყოფებოდა კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ, რაც მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ხორციელდებოდა", - განაცხადა მაღრაძემ.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი), რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.