თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100) საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა და ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.
თუშიშვილმა ფინალში თავისი პრინიპული მეტოქე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა. მანამდე - მერვედფინალში კვიპროსელ გიანის ანტონიუსს სძლია, მეოთხედფინალში თურქი იბრაჰიმ თათაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი - 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა – აქამდე ევროპის ჩემპიონატზე ქართველ ძიუდოისტებს ოთხი ოქროს მედალი არასდროს მოუპოვებიათ.
ევროპის ჩემპიონატი „თბილისი არენაზე“ გაიმართა. ტურნირზე 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტი მონაწილეობდა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.
საქართველომ ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ უმასპინძლა, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა.