თბილისი 19 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო არენაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმატებით დაბრუნდა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
ფილადელფიაში გამართულ ტურნირზე ხინჩეგაშვილმა ამერიკელ მოჭიდავეს დაძაბულ ბრძოლაში 8:5 აჯობა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. ამ გამარჯვებით ქართველმა ორგანიზაციაში მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა.
RAF-ში უნდა ეჭიდავა UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილსაც, თუმცა ქართველ მებრძოლს რამდენიმე საათით ადრე ტრავმის გამო მეტოქე ჩაეხსნა.