თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. 18 და 19 აპრილს საქართველოში სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღეები აღინიშნება - ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით მონაწილე მუზეუმები ღია კარის ფორმატში მუშაობენ ფართო საზოგადოებისთვის და სთავაზობენ მრავალფეროვან პროგრამებს.
ამ დღეებში, ფაქტობრივად, ყველა კონტინენტი ერთიანდება კულტურისა და მეხსიერების სახელით, რათა წარმოჩინდეს ის უნიკალური სივრცეები, სადაც სხვადასხვა სფეროს - ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების გამორჩეული პიროვნებები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
„ვულოცავთ სახლ-მუზეუმებსა და მემორიალურ მუზეუმებს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ინიციატივას და ვუსურვებთ წარმატებულ, შთამბეჭდავ და მრავალფეროვან ღონისძიებებს. გისურვებთ, რომ ეს დღეები გახდეს ახალი შეხვედრების, აღმოჩენებისა და ინსპირაციის წყარო როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ვიზიტორებისთვის“, - ნათქვამია ICOM Georgia-ს განცხადებაში.
წელს იმართება რიგით მეორე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ისტორიულ სახლ-მუზეუმებსა და გამოჩენილი პიროვნებების მემორიალურ სახლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ინიციატივა ორგანიზებულია იტალიის ეროვნული მემორიალური სახლების ასოციაციის მიერ Icom-Demhist-ისა და ICOM ICLCM-ის მხარდაჭერით.
გასულ წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 401 სახლ-მუზეუმმა, მათ შორის საქართველოს მუზეუმებმა, და დაფიქსირდა 83.000-ზე მეტი ვიზიტორი.