რამდენი კონტეინერი დამუშავდა ფოთის პორტში?

საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში ფოთის პორტში დამუშავდა 153.462 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,8%-ით მეტია, წერს BMG.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
კომპანია APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 146.468 TEU, 2024 წლის პირველ კვარტალში - 126.512 TEU.
საანგარიშო პერიოდში პორტში კონტეინერმზიდი გემების რაოდენობაც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მა მიიღო 94 საკონტეინერო გემი, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 81, 2024 წლის - 74.
კომპანიის მიერ 2026 წელს 63.758 ტონა ტვირთი დამუშავდა, 2025-ში - 82.369 ტონა, ხოლო 2024-ში ეს რაოდენობა 37.281 ტონა იყო.
როგორც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, არსებული ინფრასტრუქტურა სერიოზულ პრობლემებს აწყდება.
„მთავარი საჭიროება ოპერაციული ეფექტიანობის ზრდა და გემების დატვირთვა/დაცლის პროცესების გაუმჯობესებაა“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ არსებული სიმძლავრეები ზღვარზე მუშაობს. კონტეინერების ზრდის პარალელურად მცირდება ნაყარი და გენერალური ტვირთების დამუშავების შესაძლებლობა, რადგან საერთო გამტარუნარიანობა შეზღუდულია.
ფოთის პორტი დღეს
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს. ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომლის წლიური სიმძლავრე 500.000 ტონაა, რამაც გახსნა ალტერნატიული გზა ხორბლის ექსპორტისთვის ცენტრალური აზიიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. ამას მოჰყვა ახალი შიდა საკონტეინერო ტერმინალი 2014 წელს.