ქართულმა ხალხურმა სიმღერამ სლოვაკეთი დაიპყრო

„გადაცემა „ხალხურში“ შესრულებულმა სიმღერამ „ნადური“ ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა და აუდიტორიის რჩეული გახდა.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ანსამბლ „ახალი ბანას“ შესრულებულმა სიმღერამ, „ნადურმა“ აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში გაიმარჯვა სლოვაკეთში ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე (Svetozar Stracina Grand Prix).
ფესტივალის ისტორიაში წელს პირველად ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაციაში – აუდიტორიის რჩეული, და ქართული ხალხური სიმღერა მაყურებლის დამაჯერებელი არჩევანი იყო.
პირველი არხის წარმატება ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე
ფესტივალი, სლოვაკეთის ტელევიზიისა და რადიოს ორგანიზებით და ევროპის მაუწყებელთა კავშირთან თანამშრომლობით, 14-16 აპრილს ჩატარდა. წელს ფესტივალზე 14 ქვეყნიდან 31 ჩანაწერი იყო წარდგენილი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. ქართული ხალხური სიმღერისთვის გადაცემული პრიზი სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ ჩაიბარა.
პირველი არხის მიერ ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტებში შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები: „ჩაკრულო“, საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინაში“ გაბრიელ ბოდაველის, სანდრო გურგენაძის და ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით. პროექტ „ხალხურში“, ანსამბლ „ახალი ბანას“ შესრულებული სიმღერა „ნადური“ და პროექტ „აკუსტიკაში“ ვასო კორნიენკოს მიერ შესრულებული „ჩემო ვარდო“.
პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ფოლკლორი პირველი არხისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ტელევიზიის არქივი ინახავს ხალხური სიმღერის უძველეს და უნიკალურ ჩანაწერებს.
2023 წელს პირველი არხის მიერ ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, Svetozar Stracina Grand Prix-ზე წარდგენილმა სიმღერამ „ხასანბეგურამ“ სპეციალური პრიზი – „ხალხური მუსიკის საუკეთესო ჩანაწერი“ მოიპოვა.