თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არ უყურებს, ვინ რას ამბობს და როგორ აფასებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე საპასუხოდ.
ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელის ანტირუსულ სანქციებთან მიერთება მძიმე დარტყმას მიაყენებს მის ტურისტულ სფეროს და საქართველო დაკარგავს რუსეთთან და დსთ-სთან პრეფერენციულ ვაჭრობას რომელიც საქართველოსათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია.
„ჩვენი 35-წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში შეჩვეულები ვართ, რომ მას, ვინც აჰყოლია სხვების შეფასებებს, საქართველოსთვის კარგი შედეგი არ მოუტანია. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში სწორედ იმის გამო, რომ არ არის აყოლილი სხვების განცხადებებს და უსმენს ქართველ ხალხს, გვაქვს 14-წლიანი მშვიდობის უწყვეტი პერიოდი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებით და იმით, რაც იქნება კარგი ჩვენი ხალხისთვის, განაცხადა პაპუაშვილმა.