თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ლიდერების პანელურ დისკუსიაზე „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმი თურქეთში 17-19 აპრილს მიმდინარეობს.
„ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თუმცა, ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, იმ პირობებში როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, საქართველოს შეუძლია პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისი შესთავაზოს.
„საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
ჩინეთთან, თურქეთსა და ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფონზე, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. აღნიშნული მიმართულების შემდგომი გაძლიერების მიზნით, ამჟამად რამდენიმე მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მათ შორის აქტიურ ფაზაშია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანზე, რომელიც რუსეთის მიმართულებით გამავალ სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება.
„მსოფლიოში - ჩვენს ირგვლივ - ახლა ორი ომი მიმდინარეობს. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე - სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველო დაინტერესებულია გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. თუმცა დღეს თავად ევროკავშირი ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე იმყოფება.
„გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები - ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან.
„ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით - ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში - გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ლიდერების დეფიციტი პოლიტიკაში
გამოსვლაში პრემიერი შეეხო ლიდერების სიმწირის საკითხს და გამოჩენილი ლიდერების არარსებობას. მისი თქმით, ეს მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში ერთერთი მწვავე პრობლემაა.
„რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი.
„ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. დეტალებში არ შევალ და სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მსოფლიოს ჰყავდა დიდებული ლიდერები, ხოლო ახლა სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ლიდერების როლსა და ფუნქციას, ყველაზე პოზიტიური, რაც მათ შეუძლიათ, პრემიერის თქმით, არის დიალოგის, თანამშრომლობის, დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე აქცენტირება.
„ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება“, - განაცხადა პრემიერმა.
ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმი 17-19 აპრილს თურქეთში იმართება. წლევანდელი ფორუმის თემაა "ხვალინდელი დღის დაგეგმვა, გაურკვევლობების მართვა". ორგანიზატორთა თქმით, ფორუმი ფოკუსირებული იქნება გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ძალთა ბალანსის ცვლილება, მრავალმხრივი მექანიზმების კრიზისი და საერთაშორისო ურთიერთქმედების მეტად მდგრადი მოდელის მოძიება.
ფორუმზე ტრადიციულად შეიკრიბნენ ქვეყნების ლიდერები, დიპლომატები, პოლიტიკის განმსაზღვრელები, აკადემიური წრეების, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.