თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ბაღდათის სოფელ ვარციხეში სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ყველს.
"ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები; დაილუქა საეჭვო წარმომავლობის სურსათი", - აღნიშულია ინფორმაციაში.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.