თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 2024-2026 წლებში ჯამში 25,7%-ით იზრდება, რითაც მსოფლიოში სამწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლამდე მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.
სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 2024-2026 წლებში 36%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში სამწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ.
ფონდის შეფასებით, ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს კვლავინდებურად ორნიშნა იქნება, 11,9%-ს გაუტოლდება და ერთ სულ მოსახლეზე 11.574 დოლარს მიაღწევს.
ფონდის პროგნოზით, 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 12.664 დოლარს მიაღწევს, 2028 წლისთვის კი - 13.879 დოლარს, 2029 წელს 15.229 დოლარი გახდება, 2030 წელს - 16.720-ზე მეტი, ხოლო 2013 წელს - 18.353 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 2026-2031 წლებში სავალუტო ფონდის პროგნოზით 10% იქნება.
გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.
2024-2031 წლებში კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის პროგრესით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ 8-წლიან პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 61%-ით იზრდება. მეორე ადგილზე ზრდის ტემპით ჩვენს კონტინენტზე ბუტანი გადის, რომლის ეკონომიკა 2024-2031 წლების პერიოდში ერთ სულზე 58%-ით იმატებს, მესამეზე კი ინდოეთია 57%-იანი ზრდით.
რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით 2013-2025 წლებში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2013-2031 წლების ხანგრძლივი 19-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში პირველ ადგილზე გადის.
სავალუტო ფონდის შეფასებით, 2013-2031 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე მთლიანობაში 175%-ით იმატებს, მას მოსდევს ინდოეთი, რომლის მაჩვენებელი 163%-ით იზრდება.
აგრეთვე, საფინანსო ინსტიტუტის მონაცემებით, 2024-2031 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის 8 წლიანი ზრდის ტემპით საქართველო ევრაზიაში პირველობს. ამ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 91%-ით იზრდება და 2031 წლისთვის 47.750 დოლარს გადააჭარბებს.