პაპუაშვილი: სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები საგარეო პოლიტიკის საფუძველია

ნებისმიერი სისტემა, რომელიც ეროვნული ინტერესების იგნორირებას ცდილობს, საბოლოოდ ჩამოიშლება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირი უნდა იყოს ეროვნული ინტერესები და არა გარედან თავსმოხვეული იდეოლოგიური დავალებები ან აბსტრაქტული დოქტრინები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი 16 აპრილს სტამბულში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ათობით შეხვედრას მართავს, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე პლენარული დისკუსიების ფარგლებში.
„ხშირად გვესმის, რომ გლობალური წესრიგი სუსტდება. შესაძლოა ასეც იყოს. მაგრამ ერთი საბაზისო საკითხი უცვლელი რჩება: ეროვნული ინტერესი. ეს არის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ჭეშმარიტი კომპასი - არა აბსტრაქტული დოქტრინები, არა თავსმოხვეული იდეოლოგიები, არა ხელოვნური ღირებულებათა სისტემები, რომლებიც ხალხის ნებას არის მოწყვეტილი. ნებისმიერი სისტემა, რომელიც ცდილობს ეროვნული ინტერესის გადაფარვას, საბოლოოდ ჩამოიშლება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გაურკვევლობის დროს ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს, რადგან ისინი ხალხის ნებას გამოხატავენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ბევრი ქვეყანა აწყდება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა უცხოური ჩარევა.
„ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უცხოური გავლენის მარეგულირებელ კანონებს იღებს — მაგალითად, ეს არის FARA აშშ-ში, მსგავსი რეგულაციები საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აქტი საქართველოში.
მან ასევე აღნიშნა, რომ განსხვავებული სახელწოდებების მიუხედავად, ყველა ამ მექანიზმს ერთი და იგივე მიზანი აქვს: დემოკრატიის დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ პოლიტიკურ პროცესებს აყალიბებდნენ მოქალაქეები და არა გარე ძალები.
გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ ორმაგ სტანდარტებზე: ის, რაც რიგ ქვეყანაში ნორმალურ დამცავ ზომად ითვლება, სხვაგან შეზღუდვად აღიქმება.
მან ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, რისი მიღწევაც ამჟამინდელი ხელისუფლებების ეროვნული პოლიტიკის წყალობით გახდა შესაძლებელი.
„ერთ დროს არასტაბილურად მიჩნეული კავკასიის რეგიონი, დღეს უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ხდება. ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის მოქმედი სუვერენიტეტის შედეგი. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მშვიდობა პასუხისმგებლობაა. ის ხელისუფლების მხრიდან სიფხიზლეს, თავშეკავებას და გრძელვადიან ხედვას მოითხოვს.
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 15-დან 19 აპრილს იმართება სლოგანით „იმედის გაღვივება, მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა“.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 157 ქვეყნიდან 2500-ზე მეტი სტუმარი დარეგისტრირდა.