თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. გარე გავლენა და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა მშვიდობისა და სტაბილურობის ერთერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში გარედან მართული რევოლუციური გეგმების განხორციელებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ტელეიმედის“ ინფორმაციით, ქართულ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. გარდა ამისა, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.
„თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება და წარსულის სამწუხარო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ არის ხოლმე რეალობას მოწყვეტილი ასეთი შემთხვევები, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა იმას, თუ რა არის დღევანდელობის ყველაზე დიდი ბოროტება. ყველაზე დიდი ბოროტება არის სუვერენიტეტის ჩუმი, თითქოს არა ძალადობრივი და ამავე დროს ყველაზე მზაკვრული ხელყოფა, როდესაც უცხო ცდილობს ხელი აფათუროს სხვა ერის, სხვა საზოგადოების ცხოვრებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აპირებს საკითხის დამატებით შესწავლას და იმედოვნებს, რომ ჩეხეთის ახალი ხელმძღვანელობა დაადგენს, დგას თუ არა ამის უკან სახელმწიფო დაფინანსება.
„არავის მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს. ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საქმეებში გარე ჩარევამ ადრეც აზარალა ქვეყანა და მოუწოდა ყველას, „შეეშვან საქართველოს“.
რევოლუციის მცდელობები
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი კახიანმა გაიხსენა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხუთი მცდელობა დაფიქსირდა, რომლებიც, მისი თქმით, არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის (ICNC) დამფუძნებლის, პიტერ აკერმანის „სახელმძღვანელოს“ მიხედვით უნდა განხორციელებულიყო. მან აღნიშნა, რომ „ამჯერად როდესაც კიდევ ტრენინგებზეა საუბარი, ბუნებრივია ყურადსაღები ინფორმაციაა“.
„მე არავის ვურჩევ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე, მაგრამ ეს თუ მაინც ვინმეს მოუვიდა თავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - აღნიშნა კახიანმა.
თავის მხრივ, დეპუტატმა ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს დასკვნები ვერ გამოჰქონდათ თავიანთი წინა ქმედებებიდან, და პოლიტიკურად მარცხდებოდნენ, ახლაც ეს ელოდებათ.
„დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა, ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ჩეხი აქტივისტი
მედიის ინფორმაციით, იგორ ბლაჟევიჩი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერია, მუდმივად აზიარებს საქართველოში მიმდინარე პროტესტს, აკრიტიკებს ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონს“. 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად მონაწილეობდა ღონისძიებაზე, რომლის მოდერატორიც იყო. ამ ღონისძიებაზე ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე.
ტელეარხის ცნობით, ბლაჟევიჩმა ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა, სულ კი ათზე მეტი ასეთი შეხვედრა ჩატარდა.