თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.
მხარეებმა საქართველოსა და საამიროებს შორის თანამშრომლობის დინამიური განვითარება განიხილეს.
შეხვედრა შედგა თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
ხაზი გაესვა გასული წლის სექტემბერში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ირანში მიმდინარე ომისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საიმედოობის მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის შემდეგ შეექმნა, და ასევე საუბარი შეეხო საქართველოში არაბულ ინვესტიციას.
„არაბული მხარე კარგად ინფორმირებულია იმ მავნებლური ოპერაციის შესახებ, რომელიც საქართველოში არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ტარდება. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი სახის ბრალდებები ინვესტორებისთვის პრობლემას ქმნის და გვთხოვეს, ამას ყურადღება მივაქციოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი განმარტება გაკეთდა“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, არაბულ მხარეს განემარტა, რომ მოსახლეობა ინვესტიციებს მიესალმება, ხოლო ეს ანტიკამპანია არის პოლიტიკური ოპონენტების, მარგინალი ჯგუფების მიერ წამოწყებული კამპანია, რომლის მიზანია ეკონომიკური და პოლიტიკური საბოტაჟი.
საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, რომელსაც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა 2025 წლის 25 ოქტომბერს ხელი მოაწერეს, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
გარიგების დეტალები
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.