თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, 2030 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11.500 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც აკადემიკოსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, რომელიც დარგის პრაქტიკულად ყველა სეგმენტს მოიცავს და აღნიშნა, რომ სტრატეგიის განხორციელების პროცესში აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მინისტრის განმარტებით, სტრატეგია ასევე მოიცავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია ელექტროსისტემის განვითარების ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასაც ითვალისწინებს.
როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, მათ შორის ხუდონის, ნამახვანისა და ნენსკრას ჰესები, რაც არსებითად შეცვლის სექტორის სტრუქტურას და გაზრდის ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესს, ენერგეტიკული ქსელის გაფართოებას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი დინამიკა, რაც გენერაციისა და გადაცემის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას საჭიროებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა.
სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია მისასალმებელია, რადგან დარგში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მათი ხედვები პოლიტიკის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობის შესახებ მზარდი მოხმარების ფონზე.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.