მერი: სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია იწყება

დაგეგმილი სამუშაოების გამო 18 აპრილიდან მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. „თბილისის განვითარების ფონდი" სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.
„თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს – სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ.
პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას.
„რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება, რისთვისაც, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, -აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციების და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს - მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს.
„სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ისტორიული კოშკის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რაც მერის თქმით,განსაკუთრებულ ყურადღებასა და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ქალაქში არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ავარიულ მდგომრეობაშია, თუმცა ჩვენი პროგრამებით მივყვებით და ეტაპობივრად სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ“, - განაცხადა კალაძემ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 18 აპრილიდან გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.