მადიარის გამარჯვება უნგრეთში: საქართველოში პოლიტიკურ შედეგებზე მსჯელობენ

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ქართულმა ოპოზიციამ საკუთარ ელექტორატთან კავშირი დაკარგა და ისინი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტიის დამარცხების ფონზე საქართველოს ოპოზიციას ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
12 აპრილს გამართული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები მადიარის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. ამომრჩეველთა ხმების 98,9%-ის დათვლის შედეგებით, ლიდერობს ოპოზიციური პარტია „ტისა“, რომელიც, წინასწარი შეფასებით, ქვეყნის პარლამენტში 199 ადგილიდან 138-ს მოიპოვებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და აღნიშნა, რომ მისი პარტია „ფიდესი“, რომელმაც 57 მანდატი მოიპოვა, ქვეყნის სამსახურს ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გააგრძელებს.
„ვფიქრობ, ოპოზიციისთვის აქ საზეიმო არაფერია, გამომდინარე იქიდან, რომ პეტერ მადიარი სრულიად განსხვავებულ ტაქტიკას ეყრდნობოდა, ქართული ოპოზიცია კი — სულ სხვას. ეს ადამიანი დადიოდა სოფლებში და მთელი ამ დროის განმავლობაში საკმაოდ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა. მისი გზავნილები კი მცირედით თუ განსხვავდებოდა ვიქტორ ორბანის ნარატივისგან“, — განაცხადა სამხარაძემ.
დეპუტატის აზრით, ქართულმა ოპოზიციამ საკუთარ ელექტორატთან კავშირი დაკარგა და ისინი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
„პირიქით, ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრიან. ამიტომაც ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ მადიარის გამარჯვება მათ რაიმე შედეგს მოუტანს. ქართულ ოპოზიციასა და პეტერ მადიარს სრულიად განსხვავებული ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ“, — დასძინა დეპუტატმა.
ოპოზიციის შეცდომები
კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საკუთარ პოზიციას უნდა გადახედოს. მან გაიხსენა პერიოდი, როდესაც პოლიტიკოსთა ნაწილი პროცესს „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებდა და მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.
„პეტერ მადიარს რომ იმავე ლოგიკით ემოქმედა, დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ ვიქტორ ორბანი იქნებოდა“, — აღნიშნა გეგელიამ.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ქართულმა ოპოზიციამ 2025 წლის შემოდგომაზე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დონეზე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი გაუშვა ხელიდან.
„ის მომენტი, რომელიც შემოდგომაზე შეიქმნა, ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. ეს შეცდომა იყო. ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებას არ ცვლის, თუმცა მას შეეძლო სერიოზული პოლიტიკური ბზარები გაეჩინა“, — აღნიშნა გეგელიამ.
მისი თქმით, ოპოზიციამ უარი უნდა თქვას იმის მტკიცებაზე, თითქოს „არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია“.
„ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს საუბარი იმაზე, თითქოს არჩევნებით არაფრის შეცვლა არ შეიძლება. ჩვენ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. საჭიროა სწავლა და დასკვნების გამოტანა“, — აღნიშნა გეგელიამ.
მან ასევე დასძინა, რომ მხარს უჭერს იმგვარ მიდგომას, სადაც ოპოზიცია ფსონს არჩევნებში მონაწილეობასა და პოლიტიკურ კონკურენციაზე დებს, მიუხედავად საარჩევნო სისტემის სირთულეებისა და ხარვეზებისა.
ხელისუფლების ოპონენტების სტრატეგია
პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ უნგრეთში პეტერ მადიარის წარმატება იმ სტრატეგიამ განაპირობა, რომელიც მანამდე ცხრა ქართული ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილი „ოპოზიციის ალიანსის“ შეთანხმებაში იყო დაფიქსირებული.
მისი განმარტებით, აღნიშნული მიდგომა გულისხმობს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას ჯერ კიდევ არჩევნებამდე, რათა შემდგომში გარანტირებული იყოს როგორც გამარჯვება, ისე ხმების დაცვა. ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მის მიერ „ავტორიტარულად“ წოდებული სისტემის პირობებში, გამარჯვებისთვის მხოლოდ უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის.
„მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე კონსენსუსის გაფართოება შევძელით. დღეს ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნებზე მხოლოდ უბრალო უმრავლესობით გასვლას აზრი არ აქვს, რადგან გამარჯვებას მოგვპარავენ და ხმების დაცვას ვერ შევძლებთ“, — განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია შიდაპოლიტიკური კონფლიქტების ნაცვლად იმ საკითხებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ინტერესებს ეხება.
„ოპოზიციის ალიანსი"
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანი „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს და მათ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.