კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა - „პსჟ“ ნახევარფინალში ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენი", რომელმაც ორივე შეხვედრა ჯამში ანგარიშით 4-0 მოიგო, ნახევარფინალში „რეალ მადრიდისა" და მიუნხენის „ბაიერნის“ შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის" ანგარიშით 2:0 დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
პარიზში მოგებული პირველი მატჩის (2:0) შემდეგ ფავორიტად ფრანგული გრანდი მიიჩნეოდა. პლეი-ოფის საპასუხო მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მამარდაშვილმა კი დარტყმა მოიგერია.
შესვენების შემდეგ „ლივერპულმა“ კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტია და თამაშს აკონტროლებდა. პარიზელების კონტრშეტევაზე მამარდაშვილმა მასპინძლები კიდევ ერთხელ გადაარჩინა. თუმცა 72-ე წუთზე ეს ვეღარ შეძლო – კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა ისევ დემბელემ დააგვირგვინა.
აღნიშნული საგოლე გადაცემა ქართველი ვინგერისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მე-13 გახდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე 8.8 ქულით დასახელდა, კვარაცხელიას თამაში კი 7.3 ქულით შეფასდა. რაც შეეხება მამარდაშვილს, მან ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის ყველაზე ცუდი შეფასება, 5.8 მიიღო.
„პარი სენ-ჟერმენი", რომელმაც ორივე შეხვედრა ჯამში ანგარიშით 4-0 მოიგო, ნახევარფინალში „რეალ მადრიდისა" და მიუნხენის „ბაიერნის“ შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.