ბოჭორიშვილი: გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველო ეკონომიკას აძლიერებს

მინისტრის თქმით, საქართველო გარკვეული ძალების სამიზნეა, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლება ახერხებს სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში.
15 აპრილს ბოჭორიშვილმა დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფარგლებში უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარება ოპოზიციურმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მოითხოვა.
„სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის სათანადო გარემოს შექმნას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო გარკვეული ძალების სამიზნეა, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შეაბამისი ღინისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკა.
„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელისუფლება წინასწარ ემზადებოდა პოტენციური გამოწვევებისთვის და ატარებდა თანმიმდევრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე იყო ორიენტირებული.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადრე განაცხადა, საზოგადოების მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ხელისუფლების მიერ სტაბილურობის შენარჩუნებაში.