თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა.
სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას, დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი, ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში. მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
უწყება მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, მაღაზია „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.