რატომ ჩამოდის ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოში?

მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში ბოლოს ვიზიტით 2025 წლის იანვარში იმყოფებოდა
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ეწვევა.
როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სოციალურ ქსელში დაწერა, იგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
„საქართველოში მივემგზავრები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო“, - დაწერა მაიკლ ო’ფლაერტმა პლატფორმა X-ზე.
მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს მთავრობის მკაცრი კრიტიკით არის ცნობილი. მან მოუწოდა ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიული პრინციპები და უარი თქვან კანონმდებლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდავ შესწორებებზე. გარდა ამისა, კომისარმა ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ლგბტ-წარმომადგენლების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ბოლოს თბილისში 2025 წლის 21-23 იანვარს იმყოფებოდა.
ევროპის საბჭოს კომისრის ყურადღება ამ დღეებში მხოლოდ საქართველოზე არ არის კონცენტრირებული. გუშინ იგი კვლავ შეეხო სომხეთის დღის წესრიგს და სომხეთში ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
როგორც მაიკლ ო’ფლაერტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, სომხეთმა უნდა შეიმუშაოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული სისტემა, რომელიც უნდა მოიცავდეს სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებას ეფექტიანი მანდატითა და შესაბამისი რესურსებით, რათა ინსტიტუტმა შეძლოს თანასწორობის, ლგბტ-უფლებების დაცვის სამართლებრივი სიცხადისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების უზრუნველყოფა.
რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროპის საბჭო, უკვე წლებია ერევანს კომპლექსური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას ურჩევენ. სომხეთში ამ დრომდე არ არსებობს ცალკე კანონი, რომელიც ლგბტ-თემს დისკრიმინაციისგან დაიცავს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისადმი გაგზავნილ წერილში კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა და შექმნას მყარი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.