თბილისი, 12 აპრ – Sputnik. უნგრეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დილიდან აკვირდება, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.
არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში ნაწილდება მარტივი უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი — პროპორციულად. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა – 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.
ეროვნული საარჩევნო ოფისის მონაცემებით, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება უნგრეთის 8,12 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.
საქართველოს პარლამენტის წევრები ბუდაპეშტში უმგრული მხარის მიწვევით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებიან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მაჰაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ თბილისის დროით 12:00 საათისთვის 37,98% შეადგინა.
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის „ტისა“ არიან, რომელიც 2020 წელს დაარსდა.
მათ გარდა, ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მემარცხენე „დემოკრატიულ კოალიციას“, პაროდიულ „ორკუდიანი ძაღლის პარტიას“ და უკიდურეს მემარჯვენე „ჩვენს სამშობლოს“.