თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ქრისტეს აღდგომა შეახსენებს ხალხს, რომელმაც სულიერი მამა დაკარგა, რომ გარდაცვალება არის არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა, ნათქვამია სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეში.
„დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“, რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
თავის ეპისტოლეში მეუფე შიომ შეახსენა მრევლს, რომ აღდგომა არის დღე, როდესაც ადამიანების გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ, სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს.
„დიდია ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერნი ვღაღადებთ: „დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანააღდექით!.. გათავისუფლდით ცოდვის ბორკილებისგან! ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება“, - ნათქვამია გზავნილში.
მეუფე შიომ თავის ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, აწ განსვენებული ილია მეორის დიდ ღვაწლზე.
„მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს… არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.
როგორც მეუფე შიომ ბრძანა თავის გზავნილში, ილია მეორემ დაუტოვა საქართველოს აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.
„უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
მოსაყდრე შიომ აღნიშნა, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული.
„სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ საზოგადოებამ და ეკლესიამ ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება.