თბილისის სასაფლაოებისკენ მიმავალ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდა

შეზღუდვები საცობების თავიდან არიდების მიზნით დაწესდა
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს თბილისის სასაფლაოებისკენ მიმავალ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.
უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.
ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით.
საცობების თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
გარდა ამისა, თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს. 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.