თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილდებიან მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.
აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება დედაქალაქშიც. კერძოდ, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს - საქართველოში აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, უქმე დღეა. ამ დღეს მოქალაქეები, ტრადიციისამებრ, საფლავებზე გადიან.