მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან დღეს 37 წელი გავიდა.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დღეს 37 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.
"დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობა, მაგრამ, ამავე დროს, სიხარულიც ერთიანობის, ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც იმ საოცარ დღეებში გამოვლინდა", - განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, დღესაც დადასტურდა, რომ ქართველ ერში, ქვეყანაში უხვად არის მუხტი და ეს სული, რაც „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ დღეებში ვნახეთ".
"დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოს მომავალზე, მის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე. ვფიქრობთ იმაზე, რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ასევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება", - განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, საჭიროა პიროვნული თავისუფლება, როგორც შინაგანი თვისება.
როგორც მეუფემ განმარტა, ნამდვილი თავისუფლება საწინდარი იქნება საქართველოს გადარჩენის.
„ეს არ არის, მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგესურვება, რაც გინდა, არამედ ეს არის, შეგეძლოს, მართო შენი თავი, აკეთო ის, რაც მართებული, საჭიროა. ჩვენში ამის გაგება თუ არ იქნება, მხოლოდ გარეგნული თავისუფლება, საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე, შეიძლება, სახიფათო და დამანგრეველი გახდეს ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
მისი თქმით, თავისუფლების განვითარებისა და შენარჩუნებისთის საჭიროა სულიერი შრომა, მონანიება.
„გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, რა არის ჩვენს ხალხში ის მანკიერებები, ცოდვები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ, რათა მოგვეცეს წყალობა ღვთისა, ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას, ქვეყნის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები, ღმერთმა აცხონოს მათი სულები, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი", – განაცხადა მეუფე შიომ.
9 აპრილი
საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.
1991 წლის 9 აპრილს კი, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ დღეს თბილისელები, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის კიბეებთან ტიტებით მიაქვთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი აღევლინება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.