თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. ალტერნატიული მარშრუტების შესახებ დისკუსიების მიუხედავად, საქართველო კვლავაც არის შუა დერეფნის ცენტრალური რგოლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მაია ბითაძემ.
საქართველოს გავლით ტრანზიტს განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკურ განვითარებაში ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. ამის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ამჟამად ხორციელდება მასშტაბური პროექტი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს, და ასევე ეს არის ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც რუსეთამდე მიდის.
„შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში შვიდჯერ და რვაჯერ არის გაზრდილი, ასე ვთქვათ, დატვირთვა იმ დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის. რაც არ უნდა ალტერნატიულ დერეფნებზე ვსაუბრობდეთ, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს, საქართველოს გზა, ეს დერეფანი რჩება უალტერნატივო დერეფნად, რომელიც იყო და სამომავლოდაც, საუკუნეების განმავლობაში იქნება სწორედ ის მთავარი დერეფანი, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას, კავკასიის სახელმწიფოებს ევროპასთან“, - განაცხადა ბიწაძემ.
მან ასევე გააკრიტიკა ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლების ცალკეული განცხადებები, რომლებშიც ისინი რეგიონში სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებას საქართველოს მონაწილეობის გარეშე განიხილავდნენ. ბითაძემ ასეთ შეფასებებს „აბსურდული“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის როლის იგნორირება ობიექტურ რეალობას ეწინააღმდეგება.
„ბუნებრივია, ეს არის აბსურდი, რასაც ადასტურებენ არამხოლოდ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ ეს არის მარტივი გეოგრაფია, მარტივი ლოჯისტიკური კავშირები“, - აღნიშნა მან.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავად დაუჭირა მხარი საქართველოსთან დაკავშირებულ არაერთ პროექტს, მათ შორის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის გაყვანის ინიციატივას, რაც, მისი აზრით, ქვეყნის რეგიონულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლის აღიარებაზე მიუთითებს.
„მათ შორის, მიუხედავად ამ აბსურდული განცხადებებისა, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის რიგი ხელმძღვანელი პირების მხრიდან, შუა დერეფანი საქართველოს გარეშე, ჩვენ ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირმა თვითონვე აღიარა წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოზე გადის და გაივლის, ეს არის ორმხრივი ინტერესის პროექტი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
„შუა დერეფანი"
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
შავი ზღვის კაბელი
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.